ნორვეგია
სახელწოდება
ოფიციალური - ნორვეგიის სამეფო. ეროვნული - Kongeriket Norge. სახელწოდება პრანორვეგიულ ენაზე Norvegr ნიშნავს ”ჩრდილოეთის გზას”, თანამედროვე ნორვეგიულში იგი მიღებულია ძირებიდან northr და rike, რომლის მნიშვნელობაა "ჩრდილოეთის სამეფო".
ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ფართობი - 324.220 კვ.კმ. ნორვეგიის საზღვაო სანაპირო ღრმადაა დაკბილული მცირე ზომის ყურეებით, რომლებსაც ფიორდებს უწოდებენ. ისინი ქმნიან ზღვის ტალღებისგან დაცულ ბუნებრივ ნავმისადგომებს. უმაღლესი მწვერვალი - გალჰოპინგენი (2,496 მ).
ნორვეგიის იურისდიქცია ვრცელდება აგრეთვე რამდენიმე კუნძულზე, როგორებიცაა: სვალბარდის არქიპელაგი, (ქართულად უფრო ცნობილია, როგორც შპიცბერგენის არქიპელაგი) ბუვეს კუნძული, იან მაიენი.
1905 წელს ნორვეგიამ აღიდგინა დამოუკიდებლობა გაწყვიტა რა უნია შვედეთთან. რეფერენდუმმა განსაზღვრა მმართველობის ფორმა - მონარქია. მეფედ მოიწვიეს დანიის პრინცი კარლი, რომელმაც მიიღო სახელი ჰოკონ VII.
1997 წლის მონაცემებით ნორვეგიის შეიარაღებული ძალები შედგებოდა: სახმელეთო ჯარებისაგან (15800 ადამიანი), სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან (7900), სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან (9000); შეიარაღებაში გააჩნიათ 170 ტანკი, 270-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი და ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა, 700-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი; 320 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარი, საზენიტო საშუალებები; 79 საბრძოლო თვითმფრინავი, 12 წყალქვეშა ნავი, 50-ზე მეტი წყალზედა საბრძოლო ხომალდი და კატარღა. სამხედრო-საჰაერო ბაზები: ანეია, ევენესი, ერლანი. სამხედრო-საზღვაო ბაზები: ჰოკონსვერი, ოლავსვერნი, რამსუნი. ჯარების დაკომპლექტება ხდება გაწვევის საფუძველზე. რეზერვი 234000 ადამიანი.