თურქეთი

 

თურქეთი (თურქ. Türkiye; ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა — Türkiye Cumhuriyeti), ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა ქვეყანა: ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი (ნახიჩევანი), ირანი, ერაყი და სირია. სამხრეთით თურქეთს ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით შავი ზღვა. ანატოლიას თრაკესგან აშორებს მარმარილოს ზღვა და თურქეთის სრუტეები (ბოსფორი და დარდანელი), რომლებსაც აზიასა და ევროპას შორის საზღვრად მიიჩნევენ, რის გამოც თურქეთი ტრანსკონტინენტური ქვეყანაა.
ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.
თურქეთი დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა, რომლის თანამედროვე პოლიტიკური სისტემა 1923 წელს ჩამოყალიბდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელიც მთავრობაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოვიდა. მას შემდეგ თურქეთი სულ უფრო მჭიდროდ ხდება ინტეგრირებული დასავლეთთან ევროპის საბჭოში, ნატო-ში, OECD, OSCE და G-20-ში გაწევრიანებით. თურქეთმა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, იყო რა ევროპის ეკონიმიკური საბჭოს ასოცირებული წევრი 1963 წლიდან და საბაჟოს კავშირის წევრი 1995 წლიდან. ამასთან ერთად, როგორც მეტწილად მაჰმადიანური ქვეყანა, თურქეთი აგრძელებს ახლო კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრები ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან, ისეთ ორგანიზაციებში წევრობით, როგორიცაა OIC და ECO. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კლასიფიკაციით თურქეთი განვითარებული ქვეყანაა, ხოლო პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომისტების შეფასებით ის რეგიონული ზესახელმწიფოა.

გეოგრაფია

თურქეთი ტრანსკონტინენტური ევრაზიული ქვეყანაა. აზიური თურქეთი მეტწილად ანატოლიაში მდებარეობს და ქვეყნის 97%-ს შეადგენს. ევროპული ნაწილისგან მას ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი ჰყოფს. ევროპული თურქეთი აღმოსავლეთ თრაკეზე ან რუმელიაში მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, სირია, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.

ისტორია

ანტიკური პერიოდი
ანატოლიის ნახევარკუნძული (ასევე მცირე აზია), რომელზეც თანამედროვე თურქეთის უმეტესი ნაწილი მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი განუწყვეტლივ დასახლებული რეგიონია მსოფლიოში მისი ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობის გამო. ადრეული ნეოლითური დასახლებები, როგორიცაა ჩათალჰოიუკი (მექოთნეობის ნეოლითი), ჩაიონიუ (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა), ნევალი ჩორი (მექოთნეობამდელი ნეოლითი ბ), ჰაჩილარი (მექოთნეობის ნეოლითი), გიობექლი თეფე (მექოთნეობამდელი ნეოლითი ა) და მერსინი მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს დასახლებებად არის მიჩნეული.  ტროას დასახლება იწყება ნეოლითიდან და გრძელდება რკინის ხანის პერიოდში. დოკუმენტური წყაროებიდან ჩანს, რომ ანატოლიელები ინდო-ევროპულ, სემიტურ და ქართველურ ენებზე მეტყველებდნენ, ისევე როგორც მრავალ გაურვეველი ნათესაობის ენაზე. ფაქტობრივად, ინდო-ევროპული ხეთურისა და ლუვიურის ანტიკურობის გამო, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ანატოლია უნდა იყოს ის რეგიონი, საიდანაც ინდო-ევროპული ენები გავრცელდა.
პირველი მნიშვნელოვანი იმპერია ამ არემარეში იყო ხეთების, ძვ. წ. XVIII-დან XIII-მდე. შემდეგ გაძლიერდნენ ფრიგიელები, ინდო-ევროპელი ხალხი, სანამ მათ სამეფოს ქიმერიელები გაანადგურებდნენ ძვ. წ. VII საუკუნეში. ფრიგიელთა მემკვიდრე სახელმწიფოთაგან ყველაზე ძლიერები იყვნენ ლიდია, ქარია და ლიკია. ლიდიელები და ლიკიელები ფუნდამენტურად ინდო-ევროპულ ენებზე მეტყველებდნენ, თუმცა ორივე ენას არა-ინდო-ევროპული ელემენტები ქჰონდა ათვისებული ხეთებისა და ელენისურ პერიოდებამდე.
ძვ. წ. 1200 წლიდან დაწყებული, ანატოლიის დასავლეთი სანაპირო დასახლებული იყო აეოლიელი და იონიელი ბერძნებით. ძვ. წ. VI და V საუკუნეებში მთელი რეგიონი სპარსეთის აქამენიდების იმპერიამ დაიპყრო, რომელიც ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე დიდმა აიღო. ანატოლია შემდგომში რამდენიმე მცირე ელენისტურ სამეფოდ დაიშალა (მათ შორის ბითინიად, კაბადოკიად, პერგამონად და პონტუსად), რომლებიც რომის იმპერიის ვასალები გახდნენ ძვ. წ. I საუკუნისთვის. 324 წელს, რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად ბიზანტიუმი აირჩია და მას ახალი რომი (მოგვიანებით კონსტანტინოპოლი და სტამბოლი) დაარქვა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი გახდა (აღმოსავლეთ რომის იმპერია).

თურქები და ოსმალეთის იმპერია
სელჩუკთა გვარი "კინიკ" ოღუზ თურქთა ერთი განშტოება იყო, რომელიც IX საუკუნეში მაჰმადიანური სამყაროს პერიფერიაში, კასპიისა და არალის ზღვების ჩრდილოეთით სახლობდა ოღუზთა კონფედერაციის იაბღუს სახანოში. X საუკუნეში სელჩუკებმა მიგრაცია დაიწყეს მათი წინაპრების სამშობლოდან ანატოლიის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ, რაც საბოლოოდ ოღზ თურქ თემთა ახალი სამშობლო გახდა 1071 წელს მანციკერტის ბრძოლის მოგების შემდეგ. სელჩუკთა გამარჯვებამ საფუძველი დაუდო კონიის სასულთნოს (ანატოლიის სელჯუკთა სასულთნო), რომელიც ცენტრალური აზიის, ირანისა და სამხრეთდასავლეთ აზიის ტერიტორიებს მოდებული უფრო ვრცელი სელჩუკთა იმპერიის განშტოება გახდა.
1243 წელს სელჩუკთა არმიები მონღოლებმა დაამარცხეს და მათი იმპერიის გავლენა ნელ-ნელა დაკნინდა. ამ პერიოდში, ერთ-ერთი თურქული სამთავრო, რომელსაც ოსმან I მმართველობდა, თანდათან ოსმალეთის იმპერიად გადაიქცა, შეავსო რა პოლიტიკური ვაკუუმი დაკნინებულ სელჩუკთა და ბიზანტიელებს შორის.
623-წლიანი ისტორიის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიას მჭიდრო კავშირები ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის კულტურებთან. XVI-XVII საუკუნეებში ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური გაერთიანება გახდა, რომელიც ხმელეთით საღვთო რომის იმპერიას ეჯიბრებოდა და დამაჯერებლად იკვლევდა გზას ცენტრალური ევროპისკენ ბალკანეთისა და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის სამხრეთ ნაწილის მითვისებით;  ხოლო წყლით ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობაში ეცილებოდა ჰაბსბურგის ესპანეთის, ვენეციის რესპუბლიკისა და წმინდა იოანეს რაინდების გაერთიანებულ ძალებს (საღვთო ლიგა); ამასთან ხშირად ეწინააღმდეგებოდა პორტუგალიის ხომალებს ინდოეთის ოკეანეში აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის უძველეს საზღვაო სავაჭრო გზებზე იმპერიის მონოპოლიის დასაცავად (რამაც მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა 1488 წელს კეთილი ნების კონცხის აღმოჩენის შემდეგ).
ძალაუფლების დაკნინების წლების ბოლო ფაზაში ისმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო 1914 წელს ოსმალეთ-გერმანიის ალიანსში გაერთიანებით, და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც. ხოლო ომის შემდეგ გამარჯვებულმა მოკავშირე ძალებმა ოსმალეთის სახელმწიფოს დანაწილება მოინდომეს სევრის ხელშეკრულებით.

 

Free Web Hosting